2026 წელს ჩვენი ერი იზეიმებს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ამ თარიღთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით შემუშავდა სამწლიანი (2024–2026) კულტურულ–საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც ამოქმედდა 2024 წლის მაისიდან. პროგრამის მიზანია, საქართველოს მოსახლეობას შეახსენოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს ჩვენი ქვეყნის უნიკალური კულტურა და ფასეულობები.
ბოლო ათწლეულებში საქართველოში მიმდინარე გარდამავალმა პერიოდმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ თანამედროვე მსოფლიოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის წარმატებით განხორციელება შეუძლებელია ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის გათვალისწინების გარეშე. ათეისტური ძალადობის შედეგად შერყეული სულიერების მქონე ერისათვის გლობალიზაციის პირობებში პრობლემურია ფსევდოღირებულებების გარჩევა ჭეშმარიტისაგან, რაც იწვევს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ფასეულობათა აღრევას, პოლარიზაციასა და კონფლიქტს.
ამ პრობლემის მოგვარება უპირველესად ჩვენი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის სიღრმისეული გაცნობიერებით არის შესაძლებელი. 2025 წელს კვლავ მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება პროგრამა „ქართული თვითმყოფადობა“.
დღემდე ჩატარებული ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართზე – logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი. ასევე შესაძლებელია ლექციებზე დისტანციური დასწრება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები საქართველოს მოქალაქისათვის Facebook გვერდის საშუალებით იმავე მისამართზე – logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.